Wednesday, June 24, 2009

ისმინე დედაკაცო!


ვნახოთ თუ როგორ ასწავლის ჟურნალის ფურცლებიდან არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე კდემამოსილებასა და მოკრძალებას ქართველ ქალებს: “მრავალი ქალი გაცოფებული ცხენივით იგლეჯს სირცხვილის აღვირს და, სიძვის ეშმაკით შეპყრობილი, პატიოსან ზნეობას თელავს.Yყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი, საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები, არათუ წითლდებიან, ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდილობენ, უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურონ... ვაი შენდა დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი, მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ სხეული უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცთა გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!” (ჟურნ. “ლაზარეს აღდგინება” XVI, 2002 წ. გამოდის კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით). არქიმანდრიტი ლაზარე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს ეკლესიაში და მისი სტატიები თითქმის ყველა საეკლესიო გამოცემაში იბეჭდება.

რატომ ეკრძალებათ მანდილოსნებს შარვლის ჩაცმა?

დღეს მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიაში დადის, აღსარებას ამბობს, უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარება და შეძლებისდაგვარად იცავს ღვთის მცნებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლებად ვფიქრობთ სათანადოდ ჩაცმაზე _ ჩვენი შესამოსელი საერთოდ არ ჰგავს იმ ქრისტიანის ტანსაცმელს, რომელსაც საკუთარი სული და გული უფლისათვის მიუნდვია. ზაფხულში თბილისის (და არა მარტო თაბილისის) ქუჩები შილიფად ჩაცმული და შარვლებში გამოწყობილი გოგონებითა და ქალებით გაივსო, თუმცა ბევს მათგანს ჩაცმულობის ასეთი სტილი ცოდვად არ მიაჩნია, რითაც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფთაც განსაცდელში აგდებს. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის შესამოსელი და რატომ ეკრძალებათ ქალებს შარვლით სიარული. . .
ამ საკითხებზე ნათია უტიაშვილს ესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

მამაო, როგორი უნდა იყოს დღეს ჭეშმარიტი მორწმუნის შესამოსელი?

- როგორც ეკლესიის მოძღვარს, საზოგადოებასა და ეკლესიაში ხშირად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარი თვალით ვხედავ მათ ჩაცმულობას. ამიტომ შემიძლია თამამად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს (არ ვგულისხმობ საერო პირებს) ისე აქვთ დათრგუნული ზნეობრივი გრძნობები, რომ ვერ ხვდებიან, როგორ იმეტყველონ, რა ჩაიცვან და როგორ მოიქცნენ საზოგადოებასა და ღვთის სახლში. ბიბლია, კერძოდ კი “სიბრძნე ზირაქისა”, ბრძანებს, რომ ადამიანს ამხელს სამი რამ: სამოსელი, სიარული და სიცილი. დღეს ყურადღება მინდა გავამახვილო ჩაცმულობაზე: წმიდა მამები გვირჩევენ, როგორც კი დილით სამოსელის ჩაცმას დაიწყებ, მაშინვე გაიხსენე, რატომ მოგცა ღმერთმა ტანსაცმელი. შეგახსენებთ, რომ, როდესაც სამოთხეში ადამიანებმა ცოდვა ჩაიდინეს, მათ მაშინვე იგრძნეს სისიშვლე და სირცხვილი. ნათლით შემოსილები ჩამქრალ ლამპარს დაემსგავსნენ. ამიტომ მათ ღმერთმა ტყავის შესამოსელი შეუკერა და მას შემდეგ ადამიანი უკვე ტანსაცმელს ატარებს. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც შევახსენე, რომ კდემამოსილებით უნდა ჩაეცვა, მითხრა: მამაო, სამოთხეში ადამიანები ხომ შიშვლები დადიანო. თანამედროვე ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიშიშვლე მათ სამოთხის წიაღს აახლოებს. ეს არის მტკნარი სიცრუე, ეშმაკის მოძღვრება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შესამოსელი სირცხვილისა და სისიშვლის დასაფარავად მოგვცა. დღეს კი უამრავი გოგონა შემოდის ეკლესიაში და აჩენს ჭიპს _ერთ-ერთ ბინძურ ორგანოს სხეულზე. იმას, რომ მათ უკვე პერანგის ამხანაგიც უჩანთ, მოდის აყოლად ხსნიან. თვითონ სიტყვა _ “მოდა”, რუსულად უკუღმა რომ წაიკითხო, გამოდის ადომ, ანუ ჯოჯოხეთი, ესე იგი, დღეს მოდას აყოლილი ადამიანები ჯოჯოხეთის სწავლებით დადიან. მოდის მიმდევარი გოგონები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, რა ცუდ მდგომარეობაში აგდებენ საკუთარ თავს. მინდა მივმართო მათ მშობლებს, განსაკუთრებით კი მამებს, რომ ყოველ დილით გადახედონ საკუთარი მეუღლეების, შვილების შესამოსელს. მამას მოეთხოვება, რომ თვალყური ადევნოს, როგორი ჩაცმულები დადიან თავისი ოჯახის წევრები ქალაქში და როგორ იქცევიან ისინი საზოგადოებაში.
...დღეს შემთხვევით არაფერი ხდება. არც ის არის შემთხვევითი, რომ გოგონა შარვლით დადის და პერანგის ამხანაგი და ჭიპი უჩანს. ეს იმისთვის ხდება, რომ ჩვენი ზნეობა ფეხქვეშ გაითელოს და ადამიანები ღმერთს დაშორდნენ. ადამიანი გონიერი, მეტყველი, მოაზროვნე არსებაა. ის თვითონ უნდა მიხვდეს, რატომ არ უნდა ჩაიცვას შარვალი, რომელსაც უფალი უკრძალავს. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ეკლესიაში კაბით დადის, მაგრამ როგორც კი ტაძარს გასცდება, მაშინვე შარვალს იცვამს. ვის ატყუებ, შვილო? ეს ფარისევლობაა. ბევრი ისეთი ადამიანიც დამინახავს, რომელიც ეკლესიის კართან იცვანს კაბას და შიგნით ისე შემოდის. როგორ, უფალი ეკლესიის გარეთ არ იყურება? ტაძრის იქით არ არსებობს?! ასე მოუვიდა ადამსაც. ღმერთი უძახის ადამს: ადამ სადა ხარ! მან იცის სად არის ის, მაგრამ ცოდვილი ადამიანი უფალს ბუჩქების უკან ემალება. ასე ემართება ბევრ თანამედროვე ქრისტიანსაც. მათ ჰგონიათ, რომ ეკლესიაში ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ღმერთს ესიამოვნება, იმის გარეთ კი ისე, როგორც ამას მოდა მოითხოვს.

მამა გიორგი, შარვლის ჩაცმაზე მანდილოსნები ხშირად უარს იმიტომ არ ამბობენ, რომ ეს არცთუ ისე მძიმე ცოდვად მიაჩნიათ. რას გვეტყოდით ამაზე?

როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ არ შეუძლია უარი თქვას სხვადასხვა მანკიერებაზე, მათ შორის შარვლის ჩაცმაზე, ამაზე განგაში უნდა ავტეხოთ. ასეთ დროს მათ ეკლესიის კარი უნდა გაიხურონ და წავიდნენ.

...ეს ყველაფერი ბიბლიაშია მინიშნებული. მე, არაფერი დამიმატებია, არც გამიზვიადებია. პირიქით, ბევრი რამ არ გითხარით, რადგან თქვენი ცნობიერება მრისხანებისაგან დავიცავი.

საქართველო საპატრიარქოს ჟურნალი “კანდელი”, #25(161), 15-21 ივლისი, 2005
რედაქტორი: კახაბერ ცინცაძე
პასუხისმგებელი გამოცემაზე: სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე
ჟურნალი გამოდის ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით

ჩაცმის შესახებ

როცა დედა მოკრძალებულად არ იცვამს, ის თავისი ქცევით სულიერად აღატაკებს ბავშვს

ბერი პაისი ათონელი

ცნობილია, რომ ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა, მაგრამ დღეს უკეთურებას ხშირად მომხიბლავი ნიღაბი უკეთია.
ყოველი ადამიანი ვალდებულია დაიცვას არა მარტო სამოქალაქო, არამედ ზნეობრივი, ე.ი. ღმერთის მიერ დადგენილი კანონები (მცნებები).
თანამედროვე ქართველი ქალების უმრავლესობა გამომწვევ ტანსაცმელს ატარებს. მათ აცვიათ მოკლე, ჯუხლებს ზევით კაბა ღრმად ამოჭრილი გულისწირით, ვიწრო შარვალი მოსაცმელის გარეშე.
ბრძენი ადამიანები _ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) და წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერენ, რომ მორცხვობის გრძნობა _ ეს არის ღვთის მიერ ქალისათვის მიმადლებული ნიჭი, რომელიც იცავს მას გარყვნისაგან. დედამ და პედაგოგმა მორცხვობის გრძნობა ბავშვში პატარაობიდანვე უნდა განამტკიცოს შესაბამისი ჩაცმულობით, პირადი მაგალითით, კეთილი დარიგებით.
ქართველი ქალი თავისი ბუნებით წესიერია, პატიოსანია, მასში საუკუნეების მანძილზე ჩადუღაბებულია ზნეობრივი ქცევა. ტანსაცმელი კი ურცხვი ქალისა აცვია. გამომწვევად ჩაცმა მასში თანდათან ჩაკლავს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს და ადამიანი თანდათან გაურცხვდება. ამიტომ არის გამომწვევად ჩაცმა დანაშაული საკუთარი თავის წინააღმდეგ.
რა გავლენას ახდენს გამომწვევად ჩაცმა გარშემო მყოფებზე?
გამომწვევად ჩაცმული ქალის დანახვა განსაზღვრულ ემოციურ განცდას აღძრავს მამაკაცში, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანოთა სისტემების გაძლიერებულ მუშაობას, ჰორმონების უმიზნოდ გამოყოფას. ეს იწვევს ადამიანის გადაღლას, ცვეთას.
ნებისმიერ დაწესებულებაში გამომწვევად ჩაცმული ქალი არასამუშაო ატმოსფეროს ქმნის, აბრკოლებს მუშაობას, ღლის ადამიანებს.
ადამიანის თავის ტვინის უჯრედებს ახასიათებთ ადაპტაცია ანუ შეგუება სხვადასხვა სახის ფიზიკურ გამღიზიანებლებთან. ადაპტაციის დანიშნულებაა დაიცვას ნერვული უჯრედები გამოფიტვისაგან, რასაც ხანგრძლივი აღგზნება იწვევს. როდესაც მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში სახლშიც, ქუჩაშიც და სამსახურშიც უყურებს გამომწვევად ჩაცმულ ქალებს, თავის ტვინის უჯრედებში ადაპტაციის გამო ვითარდება მიჩვევა ანუ ძლიერ ინტიმურ გამრიზიანებლებზე მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება, რაც დასაჭურისების ტოლფასია.
ადამიანს არა აქვს უფლება თავისი თავისუფლებით მეორე ადამიანის თავისუფლება შეზღუდოს. ამას ადამიანის უფლებების დარღვევა ჰქვია. გამომწვევად ჩაცმა _ ის არის ქალის ძალადობა მამაკაცზე.
შარვალი _ მისი საქმიანობისა და ანატომიური აგებულების გამო მამაკაცის შესაფერისი ტანსაცმელია. ჩაიცვამს თუ არა ქალი შარვალს, მას მაშინვე ეკარგება ქალის სინაზე.
....უპატივცემულობას უპატივცემულობით პასუხობენ და მამაკაცმაც ჩაიცვა მოკლე შარვალი, მოკლე სახელოებიანი პერანგი. კულტურული მამაკაცები მანდილოსანთან საუბრისას პერანგის ღილს საყელოსთანაც კი იკრავენ.

ციცინო სუქნიძე
რატომ არის შეუფერებლად ჩაცმა დანაშაული ჩადენილი საკუთარი თაბისა და საზოგადოების წინაშე. თბ. საქ. საპატრიარქოს გამომცემლობა, 2003წ.
საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #6, ივლისი-აგვისტო, 2005წ.
რედაქტორი: გელა ლობჟანიძეE
კონსულტანტი: მღვდელი გიორგი სამსონიძე

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 6 (119), 19 მარტი-1 აპრილი 2009. მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 102, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

გვ. 50-51. ბავშვი ხელოვნურად კვებისას სულიერად უფრო ზიანდება ვიდრე ხორციელად. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე. ესაუბრა მარი აშუღაშვილი.
...
_ ზოგიერთ ქალს ჯერ კიდევ სამშობიაროშივე ურძეობის პრობლემა ექმნება. რაიმე სულიერი მიზეზებით ხომ არ არის ეს გამოწვეული?

_ როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა... ეს ზემოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც. (მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში ასეთი რამ არ არის: არც მოციქული პავლე და არც საეკლესიო სამართალი არ უკრძალავს ცოლ-ქმარს სქესობრივ თანაცხოვრებას მარხვების პერიოდში. რატომ მოაქვს ბოროტება დედისათვის მარხვაში ჩასახულ ბავშვს? როგორ უშრობენ დედას რძეს სულიერი დარღვევები? ღმერთი სჯის მას და ბავშვს? საიდან მოიტანა ეს ყველაფერი მამა კონსტანტინემ?).
... როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს, სასურველია, ხატების წინ იჯდეს და თან ლოცულობდეს... (იქნებ თავსაფარიც უნდა ეფაროს? მამა კონსტანტინე ახალ ასკეტურ წესებს ქმნის).

_ სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა მოსაზრების გამო წყვეტენ ძუძუთი კვებას, ზოგჯერ კი ჩვილს თავიდანვე ხელოვნურად კვებავენ.

_ ეს ძალიან ცუდია.... როგორც არ უნდა მიუახლოვდეს შემადგენლობით ხელოვნური საკვები დედის რძეს, მასთან შედარებით მაინც მკვდარი იქნება. კიდევ ერთს დავსძენ: საკმარისი არ არის მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება... (სწავლება დედის რძეში სულიწმინდის მადლის არსებობის შესახებ არის ახალი დოგმატი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აქამდე არ იცნობდა. მაშინ გაუგებარია რატომ ვერ ცხონდებიან მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, როდესაც მათ უკვე მიიღეს სულიწმინდის მადლი დედის რძის საშუალებით?)
_ ... ნებისმიერი ქალი ვალდებულია, განწმენდის ლოცვები წააკითხოს მღვდელს – ამით ის ეკლესიაში დაბრუნების ნებართვას იღებს... (მამა კონსტანტინეს მიხედვით მშობიარე ქალი იმდენად უწმინდურია, რომ იგი აღარ არის ეკლესიის წევრი, ანუ ანათემაზეა გადაცემული და შემდგომ სჭირდება ეკლესიაში დაბრუნება სპეციალური ლოცვების მეშვეობით. ამგვარი რამეს მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის. საერთოდ საკითხავია, რატომ უნდა ითვლებოდეს მშობიარე ქალი, რომელმაც ახალ სიცოცხლეს მისცა დასაბამი, უწმინდურად და მამა ჯემალ ღობეგლეჯიაშვილისაგან განწმედის ლოცვების წაკითხვას საჭიროებდეს?)
...
_ ამბობენ: როცა ჩვილი იცინის, ანგელოზებს უცინისო. აქვთ თუ არა ბავშვებს სულიერი ხედვა?
_ ნათლობის შემდეგ ჩვილები თვითონაც წმინდანები არიან. (მარხვაში ჩასახულებიც?) ადვილი შესაძლებელია, ხედავდნენ კიდეც ანგელოზებს და მათ უცინოდნენ.
გაურკვეველია საერთოდ რომელი ეკლესიის სასულიერო პირია დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, ან რომელი რელიგიის მიმდევარია. ალბათ მას, ისევე როგორც სამღვდელოების უმრავლესობას, ქართულ-ხალხური რელიგიის საკუთარი ვერსია აქვს. შემაშფოთებელია, რომ მისი ფანტაზიები იბეჭდება საპატრიარქოს ოფიციალურ ჟურნალში. საჭიროა, რომ მართლმადიდებელმა მრევლმა, განსაკუთრებით კი მორწმუნე დედაკაცებმა, მიმართონ საპატრიარქოს დეკანოზ კონსტანტინეს ახალი დოგმატების განმარტების თაობაზე. საპატრიარქო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ამგვარი ჟონგლიორობა დაუშვებელია.
ქვემოთ გთავაზობთ დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის სხვა მარგალიტებს:

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 3 (116), 5-18 თებერვალი 2009. მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 3, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

გვ. 31-32. ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთ. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე. ესაუბრა მარი აშუღაშვილი.

- რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?

- ქალწულობა არ არის მხოლოდ ანატომიური წარმონაქმნი. იგი ხორციელზე მეტად სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის – უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება... (ანუ თურმე არსებობენ მდედრობითი და მამრობითი სულები, მდედრობით სულს აქვს ქალიშვილობის სულიერი აპკი- “სულიერი ბეჭედი” და მდედრობითი სულის დეფლორაცია ყოფილა “ბეჭდის ახსნა”. ისმის კითხვა რითი ახდენს მამრობითი სული მდედრობითი სულის დეფლორაციას? რას გვეტყვით მამაო?)
......
- ჩვენთან რატომღაც მამაკაცებს ნაკლებად მოეთხოვებად ქორწინებამდე უბიწოების დაცვა. ის კი არა და, საერო ცხოვრებაში ეს კაცის სირცხვილადაც ითვლება....

- უბიწოების დაცვა ცხადია მამაკაცსაც მოეთხოვება... თუმცა ქალს მაინც უფრო მეტი მოეთხოვება. მრუშობისთვის მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე მამაკაცისათვის.

- არსებობს შეხედულება, რომ უბიწოების დამცველ მამაკაცს ქორწინების შემდეგ ურთიერთობის პრობლემები ექმნება.... (ანუ ერექციის პრობლემები)

- ეს ბოროტის მანქანებაა.... ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ასეთი პრობლემა არა აქვს, (აბა რა გეგონათ ათეისტებო?! ჩვენ ყოველთვის...)...ეს ბოროტის შთაგონებით ხდება, რომელიც აშინებს და აბრკოლებს ადამიანს.

- ზოგჯერ ახალგაზრდები უბიწოდ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთთან შეთამამებულნი არიან – ეხებიან, ეფერებიან, კოცნიან ერთმანეთს.....

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 26 (113), 25 დეკემბერი-7 იანვარი 2009. მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 97, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

გვ. 27-28. ფსიქიკური ავადმყოფობა თუ შეპყრობილობა. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.
.......
-რა ნიშნები აქვს სულიერ სნეულებებს?

-სულიერი დაავადებები, სხვაგვარად ბოროტისაგან შეპყრობილობას, რომ ვეძახით, როგორც წესი, ეკლესიაში ვლინდება. მსუბუქი შეპყრობილობის შემთხვევაში ადამიანს ეკლესიაში შემოსვლისთანავე თავბრუ ესხმის, მთქნარებას იწყებს, თავს სუსტად გრძნობს, გარეთ გასვლა უნდება, ჰაერი არ ყოფნის (ასეთი სიმპტომები აქვთ ჰიპერტონიული პრობლემებს, ანუ ადამიანს უბრალოდ წნევა აწუხებს). თუ სიწმინდეებს მიუახლოვდება, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის პარაკლისის აღსრულებისას, შესაძლოა გულიც წაუვიდეს, გონება დაკარგოს. ძლიერი შეპყრობილობისას კი ეპილეფსიის მსგავსი გულყრა ემართებათ, კანკალებენ, პირიდან დუჟი გადმოსდით.
.....
-როდის შედიან ადამიანში დემონები?

-... ადამიანში ბოროტი შეიძლება შევიდეს როკმუსიკის, განსაკუთრებით – მძიმე მეტალის მოსმენის ან შესრულებისას (ალა პუგაჩოვას სიმღერები მართლმადიდებლურია?), პროფესიული სპორტით ძლიერი გატაცებისას, ჰიპნოზისას, ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას და ა.შ. ... ზოგჯერ ბოროტი ავადმყოფობას, ტრამვებს, ავარიის შედეგებს ეფარება და ისე მოქმედებს. ხშირად გაიგონებთ: “ანგინა გამირთულდა” ან “ავარიის შედეგად დავრჩი ხეიბარი”... მინდა ექიმებს მივმართო: როდესაც ჩვეული მეთოდებით ავადმყოფს დიაგნოზს ვერ უსვამენ, პაციენტს ეკლესიისაკენ მიუთითონ...

ესაუბრა მარი აშუღაშვილი

No comments:

Post a Comment