Wednesday, June 24, 2009

შაავი ხელი! მართლმადიდებლური ტრილერი

“ტაძარი, რომელსაც აკვნებს სწირავენ’’

მონასტერს ძირითადად ისინი ეხმარებიან, ვინც სარკის წმიდა გიორგის შეწევნით დაიბადნენ

ავტორი ნელი ვარდიაშვილი


ქარელიდან თრიალეთის ქედის მიმართულებით, 8-9 კილომეტრში, მამათა მონასტერია, რომელსაც სარკეს წმინდა გიორგის მონასტერს უწოდებენ. იქ ამჟამად ბერი მამა იოანე მოღვაწეობს მორჩილთან და რამდენიმე სტუმართან ერთად. ხალხში გავრცელებული რწმენით, სარკეს წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილო წყვილებს სწყალობს. გადმოცემის მიხედვით, ვინც ამ სიწმინდეს შვილი შესთხოვა და შეეძინა, მონასტერს აკვანი უნდა შესწიროს.

მამა იოანე:

“ მონასტერს ხშირად ეხმარებიან ის ადამიანები, რომლებიც სარკეს წმინდა გიორგის შეწევნით დაიბადნენ..... აქ მოსული ხალხი სასწაულებს ხშირად ყვება. ეს ამბავიც მათგან შევიტყვე: ერთხელ რამდენიმე ადამიანი ტაძარში ღამისთევით ამოსულა. ქალები ტაძარში შესულენ სალოცავად. მათ ახლობელ, მამაკაცს, რომელსაც ღვთის რწმენა არ ჰქონდა, უთქვამს, რა დროს ესაა, წამოდით, სუფრა გაშალეთო. ქალებს უპასუხიათ, ღამით ამ ტაძარში ანგელოსები მოდიან და ჩუმად იყავიო. კაცს ეს ამბავი მასხრად აუგდია, რა ანგელოზები, ხომ არ გაგიჟებულხართო. ამ დროს ტაძარში შავი ხელი გამოჩენილა და ისეთი სილა გაუწნავს კაცისათვის, რომ გონდაკარგული დავარდნილა. როცა გონება დაბრუნებია, უფლისათვის პატიება უთხოვია. მას შემდეგ იგი მორწმუნე და ღვთისმოშიში გამხდარა.

სხვა შემთხვევებიცაა ცნობილი, როცა ხატზე, ჯვარზე, ან სხვა სიწმინდეზე აუგი თქვეს და დაისაჯნენ. სხვათა შორის, სარკეს წმინდა გიორგიმ როგორც შეწევნა იცის სწრაფად, ასევე სწრაფად ბრაზდება. ერთ კაცს ტაძრის სიწმინდეზე აუგი უთქვამს და მოულოდნელად გული წასვლია. სხვა პიროვნება წმინდანის დაცინვის გამო ჭკუიდან გადასულა, გონზე მოსვლის შემდეგ ისიც ღვთისკენ შემობრუნებულა.

კომუნისტების პერიოდში ტაძარს ბერძენი ქალი ალაგებდა. შესაწირად დაკლული ცხოველების ტყავი და ნარჩენები ამ ტერიტორიიდან გაჰქონდა და ამას საკუთარი სურვილით აკეთებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძარში ამოსული მორწმუნეები სუფრასთან მის შესანდობარს აუცილებლად სვამდნენ. ერთ-ერთს უთქვამს, შესანდობარი რატომ უნდა ვთქვა, ტაძრის ტერიტორიას ფულის გულისთვის ასუფთავებდა, ცხოველის ტყავი ქალაქში ჩაჰქონდა და ყიდდაო. ცოტა ხანში ამ კაცს ღრიალი დაუწყია, მიშველეთ, რაღაც მემართება, ჭკუიდან ვიშლებიო. ურჩევიათ, წმინდა გიორგის პატიება სთხოვე და გეშველებაო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ტაძრიდან წასულებს მანქანა გადაუტრიალდათ და რკინა ამ კაცს პირდაპირ კბილებში ისე მოხვდა, რომ სულ ჩაემსხვრა. მაშინ კი იყვირა თურმე, მაპატიე ღმერთო, რაც შეგცოდე და ღვთის საგმობ სიტყვას აღარასოდეს ვიტყვიო.”

ჟურნალი ‘’სარკე” 29, 20-26 ივლისი, 2005

No comments:

Post a Comment