Wednesday, June 24, 2009

დემოკრატია იგივე დემონოკრატიაა

“ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N2 (32), თებერვალი, 2009. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი.

გვ.6-7. ნუ შეებრძოლებით ღვთის ნებას. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე (გიორგაძე). ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი

- მამაო, უწმინდესის საჯარო მოწოდების შემდეგ მონარქიის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენს საზოგადოებაში, მით უფრო, რაც დაიგეგმა ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა ქორწინება. რამდენად რეალურია, რომ ეს იდეა მალე მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას?

- ... მონარქი უფლის ცხებული პიროვნებაა, ეს ღვთივდადგენილი წყობაა.

- იქნებ ვინმე შემოგვედაოს და გვითხრას: მაშინ მონარქია აკურთხა ღმერთმა, ახლა კი შეიძლება დემოკრატიაა ღვთივსათნო სისტემაო?

- დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა არ არის ღვთივსათნო მმართველობა, რადგან როგორც ფარას სჭირდება წინამძღოლი, ისევე სჭირდება ხალხს, ანუ ტანს სჭირდება თავი. ამიტომ რაც არ უნდა იძახოს მავანმა – რა დროს მონარქიააო – ღვთის განგება მაინც აღსრულდება...

- როგორც წმ. მამები ამბობენ, სადაც არის ღვთის ნება, იქაა მეტი ბრძოლა.

- ... სჯობს მოწინააღმდეგეები დაწყნარდნენ და ნუ შეებრძოლებიან ღვთის ნებას. თქვენ იცით, რომ არსებობს წინასწარმეტყველება საქართველოში ბოლო ჟამს მონარქიის აღდგენისა და საქართველოს გაერთიანების შესახებ. მონარქი იქნება ქვეყნის პატრონი, არა ისეთი როგორც პრეზიდენტია, რომელიც 5 წლით აირჩევა, არამედ იმგვარი, რომელიც სრულიად აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.... მონარქი არის ღვთისგან რჩეული და უწმინდესიც აღასრულებს ნებას ღვთისას. პატრიარქის სურვილი რაღაც მისი პირადი კაპრიზი კი არ არის, არამედ ესაა ღვთის ნება. ამას ვერაფერი დაუდგება წინ და ამიტომ ფრთხილად იყვნენ ოპონენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ღვთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, რადგან ღვთის განგებულებით ეს მაინც მოხდება. გავიხსენოთ, რამდენჯერაც ჩვენ არ დავუჯერეთ პატრიარქს და ვუთხარით “არა”, იმდენჯერვე დავისაჯეთ და ალბათ დროა გონს მოვეგოთ. ვინც ეწინააღმდეგება უწმინდესს, წმ. სინოდს და ეკლესიას, ის ეწინააღმდეგება უფალს....

- 8 თებერვალს, დავითობას ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა ჯვრისწერას რა შეფასებას მისცემდით?

- ... მავანნი ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ ამ დღისათვის, იმასაც ამბობდნენ, რომ პატრიარქი არ უნდა ჩაერიოსო პოლიტიკაში, ეს სრული აბსურდია. ჯერ ერთი, მისი უწმინდესობაც, კარგი გაგებით პოლიტიკის ნაწილია....
.... მე მინდა მოვუწოდო სკეპტიკოსებს, რომ უფლის ნებას წინ ნუ აღუდგებიან და ნუ განსაზღვრავენ ყველაფერს ადამიანური, პრაგმატული გონებით. ეს არაა მათი საქმე. მათი საქმეა ლოცვა. უწმინდესს კი დღეს მთელი საქართველო ენდობა და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გვმართებს მისი სრული ნდობა.

- მამაო, ჩვენ მორწმუნეებმა როგორ შეიძლება შევიტანოთ წვლილი ამ დიდ საქმეში?
- ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ეს ჯვრისწერა მშვიდობიანად აღსრულდეს და აღდგეს საქართველოში ღვთივკურთხეული ტახტი, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს გაერთიანებისა და მისი კეთილდღეობის, ივერიის გაბრწყინების გარანტი იქნება. ანუ ივერიის გაბრწყინების შემადგენელი ნაწილია მონარქიის აღდგენა და ერთი მეორის გარეშე არ მოხდება, რადგან როგორც არის ნაწინასწარმეტყველები და ღვთისგან კურთხეული სწორედ ისე უნდა აღსრულდეს.

გვ.13-14. საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას. გვესაუბრება ბარაკონის ყწმ. ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (გეგეშიძე). მოამზადა ნება სახლისკაცმა.
.......
- რა სულიერი ანალიზი შეიძლება გაკეთდეს ამ მოვლენებთან (საუბარია აგვისტოს ომზე) დაკავშირებით?
- ... აბა შეხედეთ რა ხდება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მრუშობა, გარყვნილება ტელეეკრანებიდან. ბევრი ბოროტება იღვრება. კალიებივით შემოფრენილი სხვადასხვა სარწმუნოების აღმსარებელნი, სექტანტები, შვილთა კვლა – აბორტი და საერთოდ, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ასე, რომ რუსეთიც იარაღია უფლის ხელში ჩვენს დასასჯელად. დღევანდელი არასტაბილური რუსეთი შემაკავებელი ძალაა მართლმადიდებლების მოწინააღმდეგე მსოფლიო ბოროტებისა...
_ ის, რომ ომს რუსეთთან მოჰყვა სტიქიური უბედურებანი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიმდინარეობს საქართველოს სულიერი განწმენდის პროცესი?
- ...საქართველოს სულიერად განწმენდის პროცესი დღესაც დაწყებულია. რუსეთი თუ ჩვენი მტერია, დასავლეთის სამყარო უფრო მეტად, რამეთუ ერთი ჰკლავს ხორცს, მეორე კი სულს. ხორცის მოკვლით არ წარწყმდება ადამიანი, სულის მოკვლით მარადიულად დაიტანჯება....
- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი?
- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური გადანაწილება სახელმწიფოთა შორის აისახება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსოფლიო ომი, რომელიც ფაქტიურად დაიწყო ერაყ-ამერიკას შორის, შემდგომ უფრო სხვა დიდ მასშტაბებს მიიღებს, რათა დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი. არნახული ტექნიკური ზეაღსვლა, ვაი ცივილიზაციის პირობებში ადამიანებზე ელექტრონული და ფსიქოლოგიური ძალადობა.... მსოფლიო საგიჟეთად გადაიქცევა. გამეფდება ნამდვილი განუკითხაობა. დაიწყება ადამიანების დაჩიპვა, ბეჭდის დასმას ძალადობით ვერ შეძლებენ – თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით – იტყვიან ისინი – თქვენ რომ ის მიგეღოთ, ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო. დღეს მიდის ბრძოლა მართლმადიდებლობასა და მასონურ სამყაროს შორის. არ დაგავიწყდეთ, დღესაც ისე როგორც არასდროს მაცხოვრის დედულეთს უტევს სომხური მსოფლიო ლობი და ბნელი იგი ნათელს ვერასოდეს ეწევა.
ახლა ამ მძიმე დროში ყველა ჩვენთაგანი აბარებს გამოცდას. ყოველი მორწმუნე, რომელიც მართებულად აზროვნებს, გაიგებს, თუ რა ხდება.
- რას უსურვებთ საქართველოს?
- საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას... არწივის ორი ფრთა უნდა გამრთელდეს, იგულისხმება ავტოკეფალია და ცხებული მეფე. წმინდა ნინოს ჯვარიც გაიმართება, რათა უფრო უკეთ დაიცვას ღმრთისაგან მოცემული სამფლობელო.... ყოველი ქართველი უნდა გახდეს აღმსარებელი და მიმღები სულიერი ტრაპეზისა – ქრისტე მაცხოვრის სისხლის და ხორცის მაზიარებელი. აღარც ნატოს ჯარების და გაეროს დახმარება დაგვჭირდება....

გვ.15-16. რელიგიაზე მეტი, ანუ ქრისტიანობა – ნაბიჯი ზეცაში. გვესაუბრებოდა ლიტერატორი, ფოლკლორისტი ზვიად ნოდია.
.... დემოკრატია იგივე კერპთაყვანისმცელობაა, იგივე დემონოკრატიაა, ანუ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკთა ტყვეობაშია.

გვ.19. ღვთისმშობელი ქართველებს გვაფრთხილებს. შეგახსენებთ ღვთისმშობლის გამოცხადებას ვაზისუბნის ტერიტორიაზე, რომელიც პრესამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა მიივიწყეს. გთავაზობთ ამ გამოცხადების განხილვას.

2001 წლის 10 სექტემბერს, - ანუ აშშ-ში განხორციელებულ სამხედრო დივერსიამდე ერთი დღით ადრე, - საქართველოში მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი სასწაული აღესრულა: მორწმუნე ქალბატონს, გულნარა კუკულაძეს, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამოეცხადა, რომელმაც მას საქართველოში უახლოეს ხანში მოსალოდნელ უმძიმეს განსაცდელზე აცნობა და მისგან თავის დახსნის შესაძლებლობაც აუწყა. მომხდარი სასწაული ერთობ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის, ამიტომ MEმეტად სამწუხაროა რომ არ ხდება ამ მოვლენის სათანადო გაშუქება.
ყურადსაღებია, რომ გამოცხადება მოხდა ჩვეულებრივ რიგით მორწმუნეზე (ისიც დედაკაცზე) და არა რომელიმე სამღვდელო იერარქზე ან ბერმონაზონზე, რათა იგი მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებიც, ეჭვის თვალით უცქერენ ამ სასწაულებრივ მოვლენას, რომლის სინამდვილეს და სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ ქ-ნი გულნარა ძალზედ უბრალო და გასაგები ენით საუბრობს მეტად მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ ყოფიერების მომენტებზე.
ქ-ნ გულნარას, როგორც აღვნიშნეთ, გამოეცხადა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (მეორე სახელწოდებით “კარიბჭისა”), რაც მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რამეთუ ეკლესიის ღირსი მამები სწორედ ამ ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ ივერიის სულიერ გაბრწყინებას.
ქ-ნ გულნარამ იხილა “მოხეტიალე ხატი”, რაც უდიდესი განსაცდელის მომასწავებელი ნიშანია; მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ათონის მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ მოთავსებული მარადუქრობი კანდელიც სწორედ მაშინ იწყებს ტრიალს, როდესაც რაიმე მძიმე განსაცდელია მოსალოდნელი.
მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 10 სექტემბრის გამოცხადებაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მოსალოდნელ ძნელბედობას _ მსოფლიოში განვითარებულ გლობალურ კატაკლიზმს უკავშირებს: “ძალიან დიდია განსაცდელი. . . მესამე მსოფლიო ომი იწყება”. ამ საშიშროების წინაშე კი მსოფლიო აღნიშნული გამოცხადების მეორე დღესვე აღმოჩნდა – 11 სექტემბერს აშშ-ის წინააღმდეგ, განხორციელებული სამხედრო დივერსიის შედეგად, და ეს საშიშროება არა თუ კლებულობს, არამედ დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება.
ქ-ნ გულნარას თქმით, მან ღვთისმშობელს სთხოვა, _ ნიშანი მიეცა მისი ხილვის დასტურად, რაზეც ღვთისმშობელმა უპასუხა: “ამაზე მეტი ნიშანი რა გინდა, ამერიკა იწვის ზეციდან”. ღვთისმშობლის ეს სიტყვები სრულ შესაბამისობაში მოდის იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადებაში” აღწერილ ბოლო ჟამის მოვლენებთან, რომლის მიხედვით “ახალი ბაბილონის” დაქცევა და განადგურება ზეციდან გარდამომავალ სასჯელს უკავშირდება. “და შემდგომად ამისა ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ჩამოდიოდა და მისი დიდებისაგან განათდა მიწა, და შეჰღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბაილონი დიდი, და ეშმაკთა სამკვიდროდ, და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა”. აშშ-ს, რომელიც “ტერორიზმთან საყოველთაო ბრძოლის” ლოზუნგით მესამე მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავს, მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით რეალურ პერსპექტივად უჩანს.
ღვთისმშობელი გვიცხადებს, რომ “მესამე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის”, რაც ერთობ შესაძლებელია და ამავე დროს ლოგიკურიც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აშშ-ს საქართველოს ტერიტორია და საჰაერო სივრცე შესთავაზა სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად; ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოს მესვეურნი და მუსულმანური სამხედრო დაჯგუფებების ლიდერები კი აცხადებენ, რომ ისინი საომარ შეტევას განახორციელებენ იმ ქვეყნებზე, რომელნიც აშკარად დაუჭერენ მხარს აშშ-ს აგრესიას მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ; ამიტომ, გლობალური ომის შემთხვევაში (რისი საშიშროებაც აშკარად იკვეთება), საქართველო, როგორც აშშ-ს აქტიური მხარდამჭერი, უთუოდ იქცევა მუსულმანი მეომრების დარტყმის ობიექტად. ამ შემთხვევაში აშშ ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რამეთუ მას თავისი თავიც კი ვერ დაუცვია მსგავსი მოვლენებისაგან. ამას გარდა, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პოზიცია უდავოდ აღიზიანებს რუსეთს, რომელსაც საყოველთაო არეულობის ვითარებაში არ გაუჭირდება საქართველოზე თავდასხმის საბაბის მოძებნა. ასე რომ, საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ ექცევა.

გვ.20-21. გამოფხიზლდით! აპოკალიფსი აღესრულება. რუის-ურბნისის ეპარქიის მონაზონი თეკლა. ლექსები.

აპოკალიფსი აღესრულება, გვიკაკუნებს უფალი!
ნუ ემონებით სატანასა, ნუ ჩაგრავთ საწყალ ხალხსა.
ჩიპიანი პასპორტებით ნუ აცთუნებთ კაცსა ბრმასა.
ვისაც სურვილი გიჩნდებათ, რომ მიჰყვეთ სატანის კვალსა,
ვით უორვიკს, ექსპერიმენტი ჩაუტარეთ საკუთარ თავსა,
ვერც მიხვდებით, რომ გადახვალ სიწმინდისგან ყველა ზღვარსა.

ეკონომიკურ ხრიკებით ნუ დათრგუნავთ საბრალო ერსა.
ანტიქრისტე ცბიერია, ნუ მოუხრით იმ ბილწ ქედსა.
ლოცვით, რწმენით გაიმარჯვებთ, ვინც დაიცავთ ღვთის მცნებებსა.
ღვთის კრავი მარად დაიხსნის, თვის სისხლში განბანილებსა.
შეინანეთ სანამ დროა, ცრემლით თხოვეთ ჩვენსა მხსნელსა.
განაშორებს სატანასა და გიჩვენებთ სწორსა გზასა.

მოწყალეა უფალი და ბევრს შეუნდობს ცოდვასა,
მაგრამ ვეღარც რა უშველის ჩიპით დადაღულსა,
მხეცის ნიშნით დაბეჭდილი, მხეცად გადაიქცევა,
მას მშველელი ვერასოდეს, ვერსად გამოუჩნდება.
რადგან ბოლო სამუდამო სატანჯველში ექნება.
ვერც ვერასდროს შეეძლება, ცოდვილს თავის დაღწევა.

საქართველო გაბრწყინდება, ფილადელფიის ტაძარი,
მასშია საიდუმლო, ვისთვის ღია დავითის კარი.
ნეტარია, ვინც იმის კარში შესასვლელად მზად არი.
იქვე ცაში, მართალთათვის უფლის ტახტიც მზად არი.
ვერავინ შევა იმ ტაძარში ჩიპით დანადაღარი.
საბოლოოდ მის ფეხებთან დაიჩოქებს ის მზაკვარი.

მძიმეა, ძნელია, მაგრამ მოხდება, რაც მოსახდენია.
ყოველივე ღვთის ნებაა, ეჭვი არც საფიქრალია.
დაკვირვებით წაიკითხე, აპოკალიფსში სწერია,
ყველა აზრი განიშორე შტრიხკოდით გაშიფრულია.
რჩევა მკაცრად დაიცავით, ნურაფრის ნუ გეშინია.
დაიჯერეთ, მართალ კაცის ღმერთი ყველგან მფარველია.

ბოლო ჟამია, სჩანს ღმერთს სწადია, ჩვენ ცოდვილები, რომ გამოგვცადოს.
რწმენით მტკიცენი, განწმენდილები, ბოროტისაგან გამოარჩიოს.
სატანას წადის, ცილით, ზაკვითა და იძულებით ღმერთს განგვაშოროს,
ურწმუნოთ კი ლოთობა და მეძაობა სულზე მეტად შეაყვაროს.
ევროპიდან შემოტანილ, ბილწ – მრუში სერიებით ამხიარულოს.
საბოლოოს მათი სული, დაჩიპული, უფსკრულის სიღრმეს ჩაძიროს.

გვ. 22-23. ინფორმაცია განსჯისათვის. “თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოში“ (დასასრული. დასაწყისი იხ. N11, 2008) - ავტორი: ირაკლი ხართიშვილი.
... და თუკი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი სულის ცხონების გზაზე სიარულს ამჯობინებდნენ, თუკი ამქვეყნიური დროებითი სარგებლის ნაცვლად მარადიულ ნეტარებაში სამარადისოდ უფალთან ყოფნას ისურვებდნენ, ნუთუ მაშინაც ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრება და საგარეო პოლიტიკა ასეთივე იქნებოდა? ნუთუ მაშინაც ასეთი მტრული დამოკიდებულება გვექნებოდა რუსეთთან?... მაგრამ განა ისინი თავად არ საქმიანობდნენ წლების მანძილზე იმისათვის, რათა ძირითადად მართლმადიდებლური აღმსარებლობის საქართველოს კანონმდებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება “ჰარმონიზაციაში მოვიდეს” კალვინისტურ-ლუთერანულ-კათო
ლიკურ დასავლეთის კანონმდებლობასა და ცხოვრებასთან, ქართული ზნეობა გადაკეთებულ იქნას დასავლურ ყაიდაზე..... ქართველი პროამერიკელები და პრონატოელები დაჟინებით იმეორებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ვერსიას, ხოლო მის გაჩაღებას რუსეთის მხრიდან დაგებულ ხაფანგსა და საქართველოს ხელისუფლების წინდაუხედაობას, ქარაფშუტობას აბრალებენ. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მეტად საეჭვოა, რომ თუნდაც ასეთ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაეწყო შეიარაღებული კონფლიქტი რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფოს მხრიდან წაქეზების გარეშე. ბუნებრივია, ვგულისხმობთ აშშ-ს ადმინისტრაციას. გვინდა გავახსენოთ ჩვენს მკითხველებს, რომ კონფლიქტის კვალდაკვალ უკრაინაში ჩატარებულ იქნა საპარლამენტო გამოძიება ამ ქვეყნის მიერ საქართველოსათვის უკანასკნელ ხანებში მოყიდული შეიარაღების თაობაზე. გამოირკვა, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს უკრაინისაგან უყიდია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები – ვაზნები, საარტილერიო გასროლები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. უკრაინელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. ხოლო იუშჩენკოსა და სააკაშვილს კი პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს სწორედ მათი პროამერიკული და პრონატოური საგარეოპოლიტიკური კურსი.

No comments:

Post a Comment