Wednesday, June 24, 2009

სამღვდელოების ჯგუფის განცხადება

"ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, მხარს ვუჭერთ ა.წ. 8 ნოემბერს გაზეთ "24 საათში" თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს შექმნილ მდგომარეობაზეა საუბარი. უპირველეს ყოვლისა, უღრმეს მადლობას ვუცხადებთ ამ სტუდენტებს, რომლებიც, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა, არ წავიდნენ სინდისთან კომპრომისზე და უშიშრად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი ქმედება ყველა ქრისტიანის წმინდათაწმინდა მოვალეობას წარმოადგენს. ჩვენც სწორედ მოვალეობის ეს გრძნობა გვკარნახობს, ღიად გამოვხატოთ ჩვენი ქრისტიანული და მოქალაქეობრივი პოზიცია.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა საღად მოაზროვნე სამღვდელოებისა და მრევლის სამართლიან შეშფოთებას იწვევს. დუმილის დრო დასრულდა. ყველაფერი უნდა ითქვას დაუფარავად და შეულამაზებლად. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ:

დანაშაულია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებს წარმართავენ და უკვე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზეც კი აქტიურად მოქმედებენ საპატრიარქოში მოკალათებული ქალბატონის, შორენა თეთრუაშვილის ხელდასხმით მოქმედი საეკლესიო კადრები და მის მიერ მართული რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები.
დანაშაულია, როდესაც არსებული ინფორმაციით სასულიერო პირებს აკურთხებენ სატელეფონო ზარების, პირადი ნაცნობ-მეგობრობისა და ამა თუ იმ სამღვდელო ხარისხის მისაღებად დაწესებული ფულადი "სტავკების" გადახდის შედეგად.
დანაშაულია, როდესაც სამღვდელო ხარისხს ატარებენ ნარკომანი და მრევლის გამრყვნელი, ელემენტარული საღვთისმეტყველო განათლების არმქონე, ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პირები.
დანაშაულია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საფინანსო ბერკეტები მოქცეულია ზემოაღნიშნული ქალბატონისა და მისი დამქაშების ხელში, რაც მათ სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილის დუმილის ყიდვის საშუალებას აძლევს. ამის გამო სამღვდელო პირთა უმრავლესობას მატერიალური სახსრების მოსაპოვებლად ხშირად სინდისთან კომპრომისზე წასვლა უწევს.
დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ყველაზე საბედისწერო წლებში სახელმწიფო საბიუჯეტო, საბაჟო, საშემოსავლო და სავალუტო გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქართველოს საპატრიარქოს ზოგიერთი სტრუქტურა და მათი ხელმძღვანელები სხვადასხვა ორგანიზაციებთან კორუფციულ გარიგებაში შედიან და ეხმარებიან მათ სახელმწიფო ბიუჯეტისგან გადასახადების დაფარვაში, რითაც თავიანთი გამდიდრების ხარჯზე ზარალს აყენებენ პენსიონერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სამედიცინო პერსონალს, ანუ ამძიმებენ ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს.
დანაშაულია, როდესაც დაარსებიდან 16 წლის შემდეგ სასულიერო სემინარიასა და აკადემიას ხელმძღვანელობს სრულიად არაკომპეტენტური რექტორი, რაც მძიმედ აისახება კიდეც ამ სასწავლებლის აკადემიურ და ზნეობრივ მდგომარეობაზე.
დანაშაულია დუმილი მაშინ, როდესაც ერთმორწმუნე "მოძმის" მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და შიდა ქართლში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაუფარავად აწარმოებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის შელახვას ამ ტერიტორიებზე "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებელ საპატრიარქოთა ჩამოყალიბების მიზნით. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დღემდე არ დაუყენებია საკითხი პრინციპულად. ეს გვაფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს აპარატი შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებს რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით.
დანაშაულია, როდესაც მრევლში მასობრივად ღვივდება ანტიდასავლური და ანტიამერიკული ისტერია. ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება, რაზეც, ვფიქრობთ, მეტი დაფიქრება ჰმართებს საზოგადოებას.
დანაშაულია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საზოგადოებისაგან ჩაკეტილ, იზოლირებულ ორგანიზმად გვისახავენ, რომლის მიღმაც ყველა მტერს წარმოადგენს.
დანაშაულია, როდესაც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში 100 მლნ. ლარის ღირებულების ტაძარი შენდება, ამ ფონზე კი ადამიანები, უბრალოდ, შიმშილით იღუპებიან.
დანაშაულია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთივგანცხადებულ მოძღვრებას, უფალ იესოსა და მისი მოციქულების მიერ ნაქადაგევ ღირებულებებსა და ფასეულობებს ყურით მოთრეულ, იაფფასიანი და პროპაგანდისტულ-პოლიტიკური ნაციონალ-მესიანისტური იდეები ენაცვლება.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვაცხადებთ: დრო აღარ ითმენს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოკვეთილი სხვადასხვა დაჯგუფება ღვთის სიტყვისა და მაცხოვნებელი მოძღვრების ქადაგების ნაცვლად, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა და ფინანსურ-ეკონომიკურ დაჯგუფებათა მხარდაჭერის მოპოვებითაა დაკავებული. ეკლესიაში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღება მოითხოვს არა პრობლემების წაყრუებას და მათი საზოგადოებისგან დამალვის მცდელობას (რადგან საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის მათ შესახებ), არამედ რეალობისთვის თვალის გასწორებას და არსებული რთული მდგომარეობიდან გამოსავალი გზის ძიებას."

დეკანოზი ბასილ კობახიძე
დეკანოზი მიქაელ ასათიანი
მღვდელი ზაზა თევზაძე
მღვდელი დიმიტრი აბაიშვილი
მღვდელი ავთანდილ გიორგობიანი

"24 საათი "
# 269 (818)
პარასკევი, 12 ნოემბერი, 2004 წელი

No comments:

Post a Comment