Wednesday, June 24, 2009

ღვთისაგან რჩეული ქათამი



კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე


2003 წლის 26 აპრილს, ღამეს წნორის ილია მართლის სახელობის ეკლესიაში ვესწრებოდი ჩვენი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისადმი მიძღვნილ ლიტანიობას. სახლში როცა დავბრუნდი იქნებოდა ღამის 12 სთ. უეცრად ცაზე შევნიშნე მრგვალი ნათება, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა და გაქრა. უცებ სიღნაღის მთებში ჩაიკარგა თითქოს. ეს ისე უეცრად მოხდა, რომ ვერც კი გავიაზრე რა უნდა ყოფილიყო. დედას კი ვუთხარი მგონი უცხოპლანეტელები იყვნენ მეთქი.

მეორე დღეს, 27 აპრილს გათენდა აღდგომა დღე, და მოხდა სასწაული, შუადღის 2-3 საათზე ბიძაჩემის, შოთა ხოხონიშვილის ოჯახში ქათამმა დადო წითელი კვერცხი. ოჯახის დიასახლისი მოყვა: ერთი ჩვეულებრივი ქათამია, რომელიც ჩვეულებრივ თეთრ კვერცხებს დებდა. იმ დღეს, 27 აპრილს, ჩვენი ყურადღება მიიქცია მისმა გაუთავებელმა კაკანმა, საბუდართან დარბოდა, კრიახობდა, მღეროდა, რომ აღარ გაჩერდა, ვთქვი, რა დადო ნეტავ ამისთანაო და წავედი კვერცხის ასაღებად. საბუდარი მოთავსებული იყო საქონლის სადგომის თავზე, სადაც კიბით ავდიოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე. ავტეხე ყვირილი. ჩქარა მოდით ქათამმა წითელი კვერცხი დადოო. იმავე დღეს კვერცხი ვაჩვენეთ წნორის ეკლესიის წინამძღვარს მამა დავითს, რომელმაც პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ ეს იყო ნამდვილი სასწაული. ამის შემდეგ ქათამმა შეწყვიტა კვერცხის დება. გაუცხოვდა, არ ჭამდა. მაისის ერთ საღამოს ოჯახის წევრებს შემოესმათ ქათმის ფრთხიალი, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ. მეორე დღეს ნახეს საშინელი სურათი. სათონის ბეტონის კედელზე, რომელიც წარმოადგენს გზისგან გამომყოფ ეზოს ღობეს, ჩამაგრებული იყო პატარა მოკაუჭებული მავთული, რაზეც კისრით ჩამოკიდებული იყო ქათამი. ქათამმა თავი მოიკლა.

ეს ამბავი ელვასავით მოედო სოფელს. მოდიოდა ხალხი და ნახულობდა როგორ მოიკლა ქათამმა თავი. ყველა პირჯვარს იწერდა და შიშის და უფლის განდიდების გრძნობა ეუფლებოდათ. ღვთისაგან რჩეული ქათამი დაასაფლავეს ეზოში.

ეს მოხდა აღდგომიდან, კვერცხის დადებიდან ოცდამესამე დღეს. ამის შემდეგ ერთი წლის მანძილზე ეს სასწაულებრივი წითელი კვერცხი ესვენა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში (ქერჩის ქ. #22) ახლა კი ისევ იმ ოჯახში ინახება, სადაც ქათამმა დადო წითელი კვერცხი.

მარინე ხოხონიშვილი

საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #4, მაისი, 2005წ. რედაქტორი მღვდელი გიორგი სამსონიძე, პასუხისმგებელი გამოცემაზე ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი

No comments:

Post a Comment