Wednesday, June 24, 2009

მრავალი წელია საქართველოში პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის თემით სპეკულირება

10.06.2008
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ რელიგიური საკითხების ექსპერტს ვასილ კობახიძეს, ესაუბრა მირიან გამრეკელაშვილი

- ბატონო ვასილ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აპირებდა მართლმადიდებელი ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციას და კონკრეტულად დაასახელა მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?

- ირაკლი ოქრუაშვილის საქციელში ახალი არაფერია. ჩვენ მრავალჯერ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ უკვე მრავალი წელია საქართველოში პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის თემით სპეკულირება. აღნიშნული პოლიტიკური ძალები ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტები დააადანაშაულონ ეკლესიის წინააღმდეგ საქმიანობაში, იეღოველობაში სატანიზმში და ა.შ. ეს გახლავთ პოლიტიკური ბრძოლის აპრობირებული მეთოდი, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც, როგორებიც არიან: ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, უკრაინა, განსაკუთრებით კი რუსეთი, სადაც მოახლოებულია არჩევნები და შესაბამისად მსგავსი ტენდენციებიც იზრდება. ირაკლი ოქრუაშვილმა ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირების შესახებ გააკეთა პოლიტიკურად მომგებიანი განცხადება. როგორც მახსოვს, მსგავს რამეს აბრალებდნენ გამსახურდიას ხელისუფლებას, შევარდნაძის რეჟიმს და გამონაკლისი არც დრევანდელი მთავრობა გახლავთ. რაც შეეხება მიტროპოლიტ იობს, ვფიქრობდი, რომ მის მაგივრად ბატონი ირაკლი უპირველეს ყოვლისა დაასახელებდა კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმ-ქობულეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილს, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი პატრიარქია. ოქრუაშვილი იმავე რეგიონიდანაა, სადაც რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსი იობ აქიაშვილი მსახურობს, ეტყობა ყოფილმა მინისტრმა იცის მისი სახელი და პირველიც ის გახსენდა. იმ საერთო პრორუსულ, ფუნდამენტალისტურ ფონზე, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს საპატრიარქო, მიტროპოლიტი იობი არ გამოირჩევა განსაკუთრებული პოლიტიზირებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი იყო მთვარი ლობისტი (მას ჩვენ ამისთვის საჯაროდ ვაკრიტიკებდით) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოსვლისა. ასევე (ეს განსაკუთრებით რელიგიური ადამიანებისთვისაა საინტერესო) იმ საშინელი და პათოლოგიური დადგენილებისა, რომელიც მიიღო წმინდა სინოდმა და ეხებოდა იმას, რომ გარდაცვლილი მოუნათლავი ჩვილები აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებიან.


- ეს დადგენილება ოფიციალურად იქნა მიღებული?

- დიახ, დადგენილება მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2000 წლის 14 დეკემბერს. მაშინ ვსწავლობდი საფრანგეთში და ამ მოვლენას გამოვეხმაურე სტატიით ,, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფსკრულისაკენ მიექანება”, რომელიც გაზეთ რეზონანსში დაიბეჭდა.

- რამდენიმე წლის წინ თქვენ, სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა, სასულიერო სემინარისა და აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა, ასევე რამდნიმე ქართველმა ინტელექტუალმა დასვით რელიგიური პრობლემების საჯაროდ განხილვის საკითხი. აღნიშნული ძალების მხრიდან ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი იქნა გამოქვეყნებული და განხილული. ბოლო დროს შიდასაეკლესიო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ თქვენ მაშინ მოქმედებდით დღევანდელი ხელისუფლების მითითებით.

- რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული მოსაზრება, რომ თითქოს მე ხელისუფლების დავალებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვებრძვი და თითქოს ეს ოქრუაშვილის განცხადებამაც დაადასტურა, გააჟღერა ცნობილმა თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა, პატროლოგმა და ა. შ. ედიშერ ჭელიძემ. როგორც ჩანს მას დამატებით ხელფასს დაპირდენ ან ახლი ბინა შეიძინა და ისევ რემონტი აქვს გასაკეთებელი და ,,რა ქნას?” როგორც თვითონ ამბობს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხშირად მიწოდებენ ეკლესიის მტერს, თავისუფლების ინსტიტუტის ლეკვს, სოროსის გველის წიწილს და ა. შ. ამას მიჩვეული ვარ. ვთვლი, რომ კრიტიკა არის ნებისმიერი ორგანიზმის სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშან-თვისება და არა მარტო მართმადიდებლური ტრადიციის, არამედ სხვა ქრისტიანული ტრადიციის მქონე არც ერთ ქვეყანაში არაა ისე ჩახშული და აბსოლუტურად გაუქმებული რელიგიურ საკითხებზე და საეკლესიო სტრუქტურებზე მსჯელობა, როგორც საქართველოში. ამ კუთხით მას ირანსაც ვერ შევადარებ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შემიძლია დაგისახელოთ ირანელი თეოლოგები, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ საშუალება გარკვეული კრიტიკისა. მაგალითად: აიათოლა მონთაზერი და კადივარი. საქართველოAალბად მხოლოდ მავრიტანიას შეილება შევადაროთ, სადაც ყველა სტრუქტურის მიერ ყველა მხრიდან მიზანმიმართულად არის ჩახშობილი რელიგიური საკითხების ნებისმიერი განხილვა.
მოძრაობაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მცირე ჯგუფისა და რამდენიმე საულიერო პირის გარდა ქართველი ინტელექტუალების ერთი ნაწილიც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ინტელექტულები, საქართველოში არ არსებობენ, რადგან ანგაჟირებულ ადამიანს, რაც არ უნდა ერუდირებული და განათლებული იყოს, არ შეიძლება ინტელექტუალი ეწოდოს. ცნობილ პოლონელ მოაზროვნეს პიოტრ ვეჟბიცკის აქვს ასეთი ტექსტი ,,трактат о гнидах”, სადაც იგი ამბობს, რომ гнида ეს უბრალოდ სალანძღავი სიტყვა კი არ არის, არამედ ტერმინია, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ ხელისუფლების ან სხვა პოლიტიკური ძალის სამსახურში მყოფ ინტელექტუალს. სამწუხაროდ, საქართველოში მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ასე ვთქვათ “ზემოდან არის” დანიშნული, რომელიმე პოლიტიკური ძალის ან რომელიმე ფინანსური ჯგუფის მიერ. ადამიანის უფლებათა დამცველები, ინტელექუალები, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ანგაჟირებულნი არიან და ამიტომ, როგორც კი კონიუქტურულად არ გახდა მომგებიანი აღნიშნული მოძრაობის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ,,ინტელექტუალები” ჩამოგვშორდნენ. სასაცილოა სასულიერო პირთა რაღაც ჯგუფზე საუბარი. იქიდან მხოლოდ ერთი იყო და არის დღემდე გულწრფელი, რომელსაც მართლა აინტერესებდა რელიგიური საკითხები და გული შესტკიოდა ეკლესიის ბედზე. დღეს ის ისევ სასულიერო პირია და მისი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. დანარჩენები ანგარებითი მიზნების მიღწევას ცდილობდნენ და პირველივე საფრთხის დადგომისას, გაყიდეს ყველა და ყველაფერი. სწორედ იმ პერიოდში ჩატარდა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრება, რომელსაც თავმჯომარეობდა საქართველოს პატრიარქი. ამ კრებაზე, როგორც 1937 წელს საბჭოთა კავშირში, მათ მოსთხოვეს თავიანთი შეხედულებების დაგმობა და მათაც გაყიდეს დედა, მამა და ყველაფერი, ცნობილი ლექსის მსგავსად: “მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას თუ კი პარტია მიბრძანებს ამას”, განსაკუთრებით გამოირჩეოდა დეკანოზი გიორგი ჩაჩავა. და ბოლოს, გუწრფელობა, სიმართლის სიყვარული, ჭეშმარიტების ცოცხალი ძიება შერჩათ სტუდენტებს, რადგანაც ეს თვისებები უმეტესწილად ახალგაზდებს ახასიათებს. ეს სტუდენტები შესაძლოა ყოფილიყვნენ ჩვენი ეკლესიის ნათელი მომავალი, გამხდარიყვნენ სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები. მათი ძირითადი ნაწილი დარჩა საკუთარ პოზიციაზე, რის გამოც მიიღეს ორმაგი დევნა, როგორც რელიგიური (პატრიარქის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს სტუდენტები არიან ეშმაკის მსახურები, მათ მიერ ჩადენილი ეს ცოდვა გადავა შვიდ თაობაზე და ა.შ.), ასევე ადმინისტრაციული - ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სემინარია და აკადემია.

- თქვენ თქვით, რომ ჭეშმარიტების ძიებისა და პროგრესისკენ სწრაფვა დამახასიათებელია ახალგაზდებისათვის. სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ახალგაზრდები გვევლინებან ფაშისტური, ულტრანაციონალისტური რელიგიური ფანატიზმის იდეების აქტიურ მხარდამჭერებად. რას იტყვით ამის თაობაზე?

-ეს მტკივნეული თემაა, რომელზეც ბევრს ვფიქრობ და ვწუხვარ. ჩემი დაკვირვებით, დახლოებით შვიდი-რვა წელია, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი და მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი გულწრფელადაა გაზიარებული მრავალი ახალგაზრდის მიერ. იგივე ცხრა-ათი წლის წინ ასე არ იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ამას დაემატა ზედაპირული ფსევდოპატრიოტიზმი, ხოლო ნაზავმა მოგვცა მართლმადიდებლურ-ნაცისტური,
აგრესიული მსოფლმხედველობა, რაც ძალიან საშიშია. ჩემი აზრით, ამის მიზეზია ახალგაზრდობის მიდრეკილება მაქსიმალიზმის, ჭეშმარიტების რადიკალური ძიებისაკენ. მათ სურთ, იდგნენ ჭეშმარიტ პოზიციებზე, იყვნენ ყველაფერში მართალი და ჰქონდეთ ჰოლისტური მსოფლმხედველობა. ამიტომაც ახალგაზრდობა რეცეპტიულია მარტივი, განსაკუთრებით კი ნაციონალისტური იდეოლოგიების მიმართ, მით უმეტეს თუ ეს იდეოლოგიები რელიგიას ეყრდნობიან. ჩანს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფოც უწყობს ხელს ამ პროცესს ფსევდო-ეროვნული და ფსევდო-კულტურული ღონისძიებებით, რომლებიც ახალგაზრდობას მოსწონს. არა მგონია, არსებულ ხელისუფლებას ასეთი აგრესიული ნაციონალისტური ახალგაზდების გამოზრდა ჰქონდეს გამიზნული, მაგრამ ქართული კულტურის ზედაპირულ-კიჩური და იაფფასიანი წარმოდგენა სწორედ ასეთ შედეგს იძლევა. ჩვენ თუ გავიხსენებთ გულანთებულ კომკავშირელებს გასული საუკუნის 20-30-იან წლებშის საბჭოთა კავშირში, ჰიტლერიუგენდს ფაშისტურ გერმანიაში, ჰუნვეიბინებს კომუნისტურ ჩინეთში, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდს თუ შევეხებით, ბავშვების ჯვაროსნულ ლაშქრობას შუასაუკუნეების ევროპაში, სავონაროლას ფლორენციაში ბავშვების მილიციას, რომლებიც კეტებით შეიარაღებული დადიოდნენ და სცემდნენ ადამიანებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს რელიგიით, პოლიტიკით და ქართული კულტურით ასეთმა მანიპულაციამ. ძალიან საინტერესოა სხვადასხვა თეატრმცოდნეების ნაშრომები იმის შესახებ, თუ როგორ კვებავდა საბჭოთა თეატრი 20-30-იანი წლების ბოლშევიკურ ენთუზიაზმს, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი. დღევანდელი თეატრი ხშირად გვაგონებს საბჭოთას, რომელიც ცდილობდა სოციალური რეალობის კონსტრუირებას. იდეოლოგიზირებული თეატრი, პიესები და სპექტაკლები, მუსიკალური ფესტივალები, წარმოადგენს ნამდვილი ქართული კულტურის და პატრიოტიზმის გაყალბებას. სწორედ აქ იკარგება რეფლექსია, ანალიტიკური აზროვნება და რაც მთავარია კავშირი ზოგადასაკაცობრიო და ევროპულ კულტურასთან.

- სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ეკლესიისაგან მხარდაჭერის მიღებას. რაც შეეხება ოპოზიციას, ეკლესია მას ფარულად მხარს უჭერს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აკეთებს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ განცხადებებს. ეს ბინძური ფარული გარიგებებია თუ ეკლესიას გარკვეულწილად ეშინია ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის?

-საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიტიკურ თამაშებში აქტიურადაა ჩართული. ნებისმიერმა ჟურნალისტმა ოდნავი ინტერესი რომ გამოიჩინოს ამ საკითხისადმი, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, საზოგადოებისათვის ნაწილობრივ მაინც ცნობილი იქნებოდა ამის შესახებ. სამწუხაროდ ეს საკითხი ჩვენთან ტაბუირებულია. ამ ტაბუს წყალობით საპატრიარქოს მმართველი კლანი დაუბრკოლებლად ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და მან საკმაო გამოცდილებაც დააგროვა. კარგად ჩანს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები თავს იყრიან საპატრიარქოს გარშემო. თუმცა საპატრიარქო ამავდროულად თანამშრომლობს ხელისუფლებასთანაც. საპატრიარქოს მხარდაჭერა, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური ინსტიტუტისა, ყველას სჭირდება. ამიტომაც საპატრიარქოს პოლიტიკური თამაში მარტივია. მას შეუძლია არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ან გამოხატოს ირიბი მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მერე როცა ხელისუფლება იცვლება, ჩნდება მისი საკრალიზაციის საჭიროება. ხელისუფლების ლიდერი უპირველეს ყოვლისა საპატრიარქოს მიმართავს და ახდენს თავისი ხელისუფლების საკრალიზაციას. რატომ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ ინსტიტუციას? სხვა საკითხია რომ საქართველოს საპატრიარქოზე დიდია მოსკოვის გავლენა. არც უკრაინის, მოლდოვის, ბულგარეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიები არიან დამოუკიდებელნი. ისინიც კრემლის “მეხუთე კოლონას” წარმოადგენენ. ამდენად მოცემული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქო ასრულებს კრემლის დავალებებს, ატარებს პრორუსულ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა პროდასავლურ ხელისუფლებას (ჩემი აზრით სწორედ ასეთია საქართველოს ხელისუფლება) არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც საზოგადოება ინდოქტრინებულია. ეს ხელისუფლების ინერტულობის დამსახურებაცაა. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო გამოცხადებულია რელიგიურ და ეროვნულ ჭეშმარიტების მონოპოლისტად, ხოლო ქვეყანაში მთავარ ავტორიტეტად და ქართული სიწმინდის განსახიერებად საბჭოთა სუკ-ის მრავალწლიანი თანამშრომელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ითვლება.

No comments:

Post a Comment